რუსეთის თავდასხმის სამიზნე ისევ კიევია. უკრაინის დედაქალაქის ოთხ რაიონში მასშტაბურ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. დაჭრილია 12 მოქალაქე.
გოლოსეევსკის, სოლომენსკის, შევჩენკოვსკის და დნიპროვსკის რაიონებში, აფეთქებების შემდეგ მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერების ლოკალიზებას ცდილობენ. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კათედრალი, საოფისე შენობები, გზები და წყალმომარაგების სისტემა.
თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად გოლოსეევსკის რაიონი დაზარალდა, სადაც გათბობის გარეშე 680 ოჯახი დარჩა. ამ დრომდე ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი არ მიეწოდება 16 სამედიცინო დაწესებულებას, 17 სკოლას და 13 საბავშვო ბაღს.
კიევის დაბომბვას მოსკოვში გამოეხმაურნენ. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ თავდასხმა უკრაინის ძალების მიერ როსტოვში ნავთობის ბაზაზე მოწყობილი ხანძრის საპასუხო ნაბიჯია. საგარეო უწყებაში კი კონფლიქტის ესკალაციაში NATO კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. განცხადება ლავროვის მოადგილემ გააკეთა. ალექსანდრე გრუშკოს აზრით, NATO საკუთარი ქმედებებით, რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადებას აგრძელებს.
რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის შეჩერების გზებზე, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ესაუბრა. გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის, შტეფენ გებესტრაიტის ინფორმაციით, ტრამპი და შოლცი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი უკვე დიდი ხანია გრძელდება და სამართლიანი, მდგრადი მშვიდობა სწრაფად უნდა უზრუნველყონ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.