13 იანვარი 2025,   05:27
ვრცლად
ლანა გალდავა "ოცნების" ინიციატივაზე: "ჯერ საკუთარ რიგებში იპოვონ ის ხალხი, რომელიც მხილებულია სისტემურ დანაშაულებში"

"ქართული ოცნების" ინიციატივა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც 2003-12 წლებში, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უნდა შეისწავლოს, პოლიტიკური განხილვის თემაა.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჯერ საკუთარ რიგებში უნდა იპოვოს ადამიანები, რომლებიც სისტემურ დანაშაულებში არიან მხილებულები.

"ჯერ საკუთარ რიგებში იპოვონ ის ხალხი, რომელიც მხილებულია სისტემურ დანაშაულებში. "ძლიერი საქართველო" აუცილებლად იქნება ინიციატორი ლუსტრაციის კანონის მიღების, რომლითაც სახელი დაერქმევა ამ ქვეყანაში ვინ უთხრის ძირს სახელმწიფოებრიობას და, მითუმეტეს, ვინ თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციასთან," - აცხადებს ლანა გალდავა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივით, მე-11 მოწვევის პარლამენტი 2003-2012 წლებში, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის. სახელისუფლებო გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დააყენებს. კომისია 6 თვე იმუშავებს, საბოლოო დასკვნას კი სექტემბერში დაამტკიცებს. ამის შემდეგ, საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცემა.

დღის ამბები