
საპარლამენტო უმრავლესობაში, ბათუმში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ აფასებენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციელზე ძალადობა ადასტურებს, რომ აქციის მონაწილეებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. მათივე განმარტებით, კანონის წინაშე, პროფესიის მიუხედავად, ყველა თანასწორია.
"ბათუმში მოხდა კანონის დარღვევა. მშვიდობიანმა მოქალაქეებმა გადაამეტეს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს. პოლიცია წარმოადგენს სახელმწიფოს და ნებისმიერი ქმედება პოლიციის საწინააღმდეგო დაისჯება კანონით. კანონზე მაღლა არავინ არ დგას ამ ქვეყანაში, ეს არაერთხელ დაადასტურა ჩვენმა ხელისუფლებამ და ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაარღვევს კანონს, ეს იქნება ჟურნალისტი, რედაქტორი, მსახიობი თუ სხვა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე", - აღნიშნა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ.