14 თებერვალი 2025,   05:12
ვრცლად
კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა - მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარიშხალი, რომელიც ხანძრის გავრცელებას უწყობს ხელს გაძლიერდება

კალიფორნიაში ხანძარს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 6 მოქალაქე უგზო უკვლოდაა დაკარგული. მასშტაბურმა სტიქიამ შტატის ქალაქებსა და დასახლებებში 23 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ქრობის პროცესის პარალელურად რისკის ზონაში სამძებრო -სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

სტიქიის გავრცელების არეალი 90 000 კვადრატული კილომეტრია. 7 დღიანი მუშაობის შემდეგ მეხანძრეებმა, ამ ტერიტორიის 14%-ზე შეძლეს კონტროლის დამყარება. ლოს-ანჯელესის მიმდებარედ ცეცხლის 5 აქტიური კერაა. ქრობის პროცესს რთული რელიეფი და ძლიერი ქარი ართულებს. მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარიშხალი, რომელიც ხანძრის გავრცელებას უწყობს ხელს გაძლიერდება და მისი სიჩქარე საათში 113 კილომეტრი იქნება.

სტიქიით დაზარალებული რაიონებიდან ევაკუირებულია 180 000 ადამიანი. განადგურებულია 12 000 შენობა ნაგებობა. უმეტესად კერძო საცხოვრებელი სახლები. კალიფორნიას სტიქიასთან ბრძოლის პროცესში 9 შტატი და ფედერალური მთავრობაც ეხმარება. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 84 თვითმფრინავი და 14 000-ზე მეტი მეხანძრე მაშველი, სამხედრო და მედიკოსი. წინასწარი მონაცემებით ხანძრით მიყენებული ზარალი 150 მილიარდ დოლარს სცდება.

კალიფორნიის შტატში ხანძარი საკმაოდ ხშირი მოვლენაა. სპეციალისტების შეფასებით, ის, რაც ლოს-ანჯელესში ხდება, ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგია.

დღის ამბები