
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები დილიდან ოპოზიციას უსმენენ - ბარიერგადალახულ პარტიებში აცხადებენ, რომ მისიას საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებზე ესაუბრებიან.
დღესვე, ევროსაბჭოს წარმომადგენლები შეხვდებიან პრემიერ-მინისტრს. მათ უკვე მოუსმინეს პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ვიზიტი რეგულარულია და მისი მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, საქართველოს ყველა მოკავშირე ფიქრობს იმაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი არსებული ვითარებიდან და შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე ჰქონდათ საუბარი.
"დღეს, საქართველოს ყველა მოკავშირე ფიქრობს იმაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, რატომ არის ჩვენი აზრით საჭირო სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები. გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორი ხედვაა ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ დღეს, ყველა ვინც კარგად იცნობს საქართველოში შექმნილ ვითარებას. მათ შორის, არა მხოლოდ ახლა, არამედ გასული წლების განმავლობაში აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, კარგად აცნობიერებს, რომ ასეთი გამოწვევების წინაშე ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, არასდროს ყოფილა გასული წლების განმავლობაში. ყველა აცნობიერებს, რომ დღეს, ახალი არჩევნების გარეშე, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.