13 თებერვალი 2025,   09:33
ვრცლად
"თუ კვლავ გამოიკვეთება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამისი მასალები გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა იმსჯელოს, უნდა არსებობდეს თუ არა "ნაცმოძრაობა", როგორც პარტია" - ვლადიმერ ბოჟაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ისაუბრა.

ბოჟაძის თქმით, მნიშვნელოვანია მმართველმა გუნდმა საზოგადოებას შეახსენოს, რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე, ხოლო თუ გამოიკვეთა კონკრეტული მტკიცებულებები, გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა იმსჯელოს, უნდა არსებობდეს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური პარტია.

"იცით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. კონკრეტული ლიდერებიდან ზოგმა მოიხადა, ზოგი გაქცეულია, ზოგი ახლაც იხდის სასჯელს, თუმცა სამართლებრივი შეფასება თავად რეჟიმის, რომელიც 2012 წლამდე მართავდა ჩვენს ქვეყანას და უამრავი უბედურება მოუტანა ხალხს და ქვეყანას, არ შეფასებულა.

მათ შორის, ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ შევქმნიდით საგამოძიებო კომისიას და მოვახდენდით რეჟიმის სამართლებრივ შეფასებას, ვასრულებთ ჩვენს საარჩევნო დაპირებას, თებერვლის პირველივე სასესიო კვირაში შეიქმნება კომისია, კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე.

თუ კვლავ გამოიკვეთება კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, აღნიშნული მასალები გადაეცემა პროკურატურას, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, შესაბამისი მასალები და შესაბამისი მოთხოვნა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა იმსჯელოს, უნდა არსებობდეს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური პარტია", - განაცხადა ბოჟაძემ.

დღის ამბები