
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ისინი, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, საგამოძიებო კომისიის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ.
როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, ეს კომისია გამოავლენს ისეთ დანაშაულებს, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ჯერ არაფერი იცის.
"საგამოძიებო კომისიის შექმნა არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. საქართველოს პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელშიც ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, მონაწილეობას მივიღებთ. კონსტიტუციისა და რეგლამენტის დონეზე არის გაწერილი, რომ საგამოძიებო კომისიის კითხვებზე პასუხების გაცემა არის სავალდებულო, თუ ვინმე ამას არ შეასრულებს, ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არსებობს.
გარდა ამისა, საზოგადოება კიდევ ერთხელ იხილავს იმას, თუ რას ჩადიოდა კოლექტიური "ნაცმოძრაობა", როცა ხელისუფლებაში იყო. ასევე, ისეთ ფაქტებიც იქნება გამოვლენილი, რომელიც დადასტურებულიც არის უკვე საერთაშორისო სასამართლოს მიერ და ამავდროულად, ჯერჯერობით, უცნობია საქართველოს საზოგადოებისთვის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.