
პარტია "გახარია საქართველოსთვის" სასტუმრო "შერატონისგან" სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გადაცემას ითხოვს. ბრიფინგი ამ თემზე ბერდია სიჭინავამ გამართა. თქვა, რომ სასტუმროს ოფიციალურად უკვე მიმართეს.
პარტიის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გიორგი გახარიას გამოკითხავენ.
"არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო "შერატონის" ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობას და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით. ამიტომ, სასტუმრო "შერატონისგან" ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.