07 თებერვალი 2025,   12:45
ვრცლად
"ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები წინ მიდის, ჩვენ შორის პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზეა... მნიშვნელოვანია, ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობა" - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ორი ქვეყნის ურთიერთობას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ აზერბაიჯანი ნომერ პირველი ინვესტორია. არსებული დინამიკა ძალიან კარგია და ახლო მომავალში, მაჩვენებლები უფრო გაიზრდება," - ეს განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მან მაკა ბოჭორიშვილს არჩევნების წარმატებით ჩატარება, მთავრობის ფორმირება და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

"მინდა, მივულოცო ქალბატონ მინისტრს არჩევნების წარმატებით ჩატარება, ასევე, თანამდებობაზე დანიშვნა და მთავრობის ფორმირება. ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები წინ მიდის. ორივე ქვეყანას გვქონდა სერიოზული გამოწვევები. მნიშვნელოვანია, ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობა. ჩვენ შორის პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზეა, რეგულარულია შეხვედრები ლიდერებს შორის.

ხვალ, ბაქოში საქართველოს პრემიერის ვიზიტი შედგება და ამ ვიზიტის ფარგლებში, სამთავრობოთა კომისიების სხდომა, რომელიც საიუბილეოა. ორი ქვეყნის ურთიერთობას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ აზერბაიჯანი ნომერ პირველი ინვესტორია. არსებული დინამიკა ძალიან კარგია და ახლო მომავალში, მაჩვენებლები უფრო გაიზრდება.

რეგიონში გლობალურ პროექტებს ვახორციელებთ, ეს გეოეკონომიკურ რუკას ცვლის. ამ პროექტებს ისტორიული როლი აქვთ. ვისაუბრეთ მწვანე კორიდორის პროექტზეც, რომლის მიმართაც დიდი ინტერესია, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა კი ციფრული გადაცემის კუთხით, შესაძლოა, მსოფლიოში ლიდერად გვაქციოს. ვისაუბრეთ ყველა თითქმის ყველა სფეროში თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანია, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გარემო, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვდგავართ. ქალბატონ მინისტრს ინფორმაცია მივაწოდე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობასა და სამშვიდობო შეთანხმებაზე," - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში იმყოფება. ის უკვე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტრანსპორტის და კომუნიკაციების, ასევე ჰუმანიტარული საკითხები.

შეხვედრის შემდეგ, ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები