
თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა დონალდ ტრამპის ინაუგურაცია - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ოფიციალური მიწვევა არ მიუღია როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციას.
მათივე თქმით, სხვა ბევრი ქვეყნის შემთხვევაში არის იგივე მიდგომა - სალომე ზურაბიშვილი და "ლელოს" ლიდერები კი ღონისძიებას დაესწრებიან როგორც კონკრეტული პოლიტიკოსების თანმხლები პირები. დღესვე სოციალურ ქსელში გავრცელდა არა ერთი ბმული, სადაც მითითებულია რომ მსურველებს შეუძლიათ ადგილების შეძენა, რათა ინაუგურაციას კაპიტოლიუმთან მიადევნონ თვალი. ამ ადგილების ღირებულება 2-დან 20 000 დოლარამდე მერყეობს.
სალომე ზურაბიშვილისა და "ლელოს" ლიდერების ღონისძიებაზე დასწრებას, აფასებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. მაგალითად, პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ვინაიდან პრეზიდენტი და "ლელო" იქ ერთად არიან, კარგ ადგილებს იშოვიან:
"ჩვენ საერთოდ მანამდეც გვქონდა ინფორმაცია, რომ უფასოდაც შეიძლებოდა ინაუგურაციაზე დასწრება, საჯარო ღონისძიებაა და მთელი სამყაროდან სხვადასხვა ხალხი ესწრება. რაც შეეხება Vip ადგილებს, ის შეიძლება იყიდებოდა. ვინაიდან პრეზიდენტი და "ლელო" იქ ერთად მოძრაობენ, კარგ ადგილებს იშოვიან, რადგან ფული არ გაუჭირდება ლელოს ასეთი ღონისძიებისთვის. მე ასე ვიცი, რომ მასპინძელი გპატიჟებს ზოგადად სახლში. ჯო უილსონის მიერ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მოწვევაც, მგონი ამერიკის ოფიციალური მოწვევა არ უნდა იყოს. ქართულ პოლიტიკაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენი პოლიტიკოსები მიდიან უცხოეთში ვიღაცებთან სელფის გადასაღებად," - აცხადებს პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.