09 თებერვალი 2025,   12:40
ვრცლად
"ეს არის მიუღებელი, ამის უკან დგას გარკვეული ძალები და ამას ყველაფერს სჭირდება რეაგირება" - მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე

პოლიტიკური შეფასებების თემად რჩება ბრიტანეთის თემთა პალატაში შესული წინადადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას გულისხმობს.

"ქართული ოცნება" ინიციატივის პასუხად აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში წარმოჩინდება, რომ "დიფ სთეითმა" დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა.

"ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში წერია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს.

ბრიტანეთის თემთა პალატაში 15 დეპუტატის წერილი შევიდა - ოპოზიცია მიესალმება ინიციატივას და სანქციებით ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას ელის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ის ქმედებები, რომელიც ხორციელდება საქართველოსთან და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, მიუღებელია.

"ის ქმედებები, რომელიც ხორციელდება საქართველოსთან და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა შეშფოთებას იწვევს. ძალიან ხშირად მოკლებულია ყველანაირ საფუძველს და უმეტეს წილად, შექმნილია ქვეყანაზე ზეწოლის მოსახდენად. ეს არის მიუღებელი, ამის უკან დგას გარკვეული ძალები და ამას ყველაფერს სჭირდება რეაგირება. საჭიროა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ რასთან გვაქვს საქმე, რა ქმედებები ხორციელდება საქართველოს მიმართ და რას ისახავს მიზნად", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები