
საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
სამუშაო ჯგუფი საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, დაიწყებს მუშაობას და 2003მ-2012ტ წლებში არსებული ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის.
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჯერ მის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიძიოს.
"როდესაც არალეგიტიმური "ქართული ოცნება" საუბრობს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, მინდა ვკითხო მას, იქნებ ჯერ გამოიძიოთ ის დანაშაულები, რომელიც თქვენ ჩაიდინეთ. იქნებ თქვენს მიერ ჩადენილი მასობრივი და სისტემური დანაშაულების გამოძიებიდან დაგეწყოთ," - ამბობს გიორგი კაპანაძე.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში რაიმე სახის საგამოძიებო კომისიებზე საუბარი არასერიოზულია.
"ღიმილის მომგვრელია, ზოგადად არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში რაიმე სახის საგამოძიებო კომისიებზე საუბარი, რადგან ამ პარლამენტს არ მოუპოვებია არანაირი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, აქ მიმდინარე პროცესები არის სრულიად გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.