
ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ამერიკელი ხალხის წინაშე საპრეზიდენტო ფიცს უკვე მეორედ დადებს.
ფიცის დადების შემდეგ, დონალდ ტრამპი ოფიციალურად ამერიკის 47-ე პრეზიდენტი გახდება.
ტრამპის ინაუგურაცია გამორჩეული იქნება იმითაც, რომ ორმოცი წლის შემდეგ პირველად, ცერემონია არა ღია ცის ქვეშ, არამედ დახურულ შენობაში გაიმართება.
ისევე. როგორც 1985 წელს რონალდ რეიგანი დონალდ ტრამპიც ფიცს კაპიტოლიუმის როტონდში დადებს, აქედანვე მიმართავს არჩეული პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს.
მიზეზი მაშინაც და ახლაც რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა, რომელიც შესაძლოა ამერიკის დედაქალაქში 20 იანვარს დაფიქსირდეს.
ტრამპი იმ ადამიანებს, ვინც მის საგულშემატკივროდ კაპიტოლიუმთან მივა, მოუწოდებს თავს გაუფრთხილდნენ და თბილად ჩაიცვან.
არჩეული პრეზიდენტის მხარდამჭერები თბილ ტანსაცმელს უკვე იმარაგებენ და ამბობენ, რომ სიცივის არ ეშინიათ. ასიათასობით ადამიანი, რომელიც უკვე თვეებია, ინაუგურაციაზე დასასწრებად ემზადება, კაპიტოლიუმთან მაინც მივა.
თუმცა, ფიცის დადებამდე იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და დატვირთული ცერემონია. დღე იწყება იმით, რომ არჩეული პრეზიდენტი და მისი ოჯახი დაესწრებიან კერძო ლოცვას თეთრ სახლთან წმინდა იოანეს საეპისკოპოსო ტაძარში.
ლოცვის შემდეგ იწყება გზა კაპიტოლიუმამდე. დონალდ ტრამპი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ფიცის დადების ცერემონიაზე გაემგზავრებიან.
თბილისის დროით საღამოს 9 საათზე კი, ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციის ცერემონია ოფიციალურად გაიხსნება. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ფიცს წარმოთქვამს – პროცესს მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი გაუძღვება.
კაპიტოლიუმის როტენდაში 200 000-ზე მეტი ადამიანიდან, რომლებმაც ინაუგურაციაზე დასასწრებად ბილეთები წინასწარ შეიძინა, ყველა ვერ აღმოჩნდება. ოფიციალურად, ტრამპის ინაუგურაციას რამდენიმე მოწვეული სტუმარი, სენატის და უმაღლესი თანამდებობის პირები, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები და მათი მეუღლეები დაესწრებიან. სანამ ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს დადებს, ადგილზევე გაიმართება რამდენიმე პერფორმანსი, მუსიკოსები სხვადასხვა სახელმწიფო სიმღერას შეასრულებენ. დამსწრეები მოისმენენ ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნს.
ფიცის დადების შემდეგ, ტრამპს საინაუგურაციო გამოსვლა ექნება, სადაც ის საპრეზიდენტო სიტყვას წარმოთქვამს – ამ მომენტს მთელი მსოფლიო ელოდება, რადგან არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა გააჟღეროს მისი მმართველობის ხედვა და გეგმები მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
მალევე გაიმართება ჯო ბაიდენის და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კაპიტოლიუმიდან გაცილების ცერემონია, საიდანაც დონალდ ტრამპი სენატის პალატის მიღმა, პრეზიდენტის ოთახში გადაინაცვლებს. 47-ე პრეზიდენტი ხელს სხვადასხვა დოკუმენტებს, მათ შორის მემორანდუმებსა და აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერს.
პრეზიდენტი შეხვდება ამერიკის სამხედრო ძალებს, ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ფრთასთან ამერიკის შეიარაღებული ძალების მზაობას შეამოწმებს.
პენსილვანიის გამზირზე გაიმართება საპრეზიდენტო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით 7500 ადამიანი მიიღებს.
ბოლოს კი, დონალდ ტრამპი მიემგზავრება თეთრ სახლში, ის და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი რამდენიმე კილომეტრი სახელმწიფო დაცვის თანხლებით მანქანით უნდა გაიარონ. ის ოვალური კაბინეტის ცერემონიას დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ. ამავე ღონისძიებაზე იგეგმება დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლაც.
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგება. მსოფლიო ტრამპის პოლიტიკის მოლოდინშია.
ავტორი: ლუკა ჩანგელია.