13 თებერვალი 2025,   11:02
ვრცლად
"აშშ-ს ეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელზეც ქართული ხელისუფლება დგას" - ვახტანგ ჩოჩია

ტრამპის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება "ქართულ ოცნებაში." საპარლამენტო უმრავლესობაში აქცენტს იმ საერთო თემებზე ამახვილებენ, რასაც არაერთი კრიტიკის მიუხედავად, დონალდ ტრამპიც და საქართველოს მმართველი გუნდიც იზიარებენ.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს ეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელზეც ქართული ხელისუფლება დგას. ეს არის ოჯახური ღირებულებების დაცვა, ანტი-ლგბტ პროპაგანდა, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ასევე, საგარეო ჩარევებთან თუ ე.წ. დიფსთეითთან ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენი საერთო ღირებულებებისა და საერთო ინტერესების საფუძველზე მოსალოდნელია, რომ ის პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვქონდა, კიდევ უფრო განმტკიცდება," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა ვახტანგ ჩოჩიამ.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ დღეიდან ეტაპობრივად საქართველო-შეერთებული შტატების ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყება.

"დონალდ ტრამპის არჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიოს დემოკრატიისთვის. ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობდით მას საარჩევნო პროცესში. ის გზავნილები, რომელიც მისი და, ზოგადად, "რესპუბლიკელების" მხრიდან ისმოდა საარჩევნო კამპანიაში ძალიან ჰგავდა იმას, რასაც ჩვენ ვახორციელებდით წინა წლების განმავლობაში და რომელი საარჩევნო დაპირებებიც გვქონდა. ასე რომ წარმატებებს ვუსურვებთ. ჩვენ გვჯერა და იმედს გამოვთქვამთ, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის გადაიტვირთება," - აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

დღის ამბები