13 თებერვალი 2025,   09:22
ვრცლად
"სისხლიანი რეჟიმის შეფასება სამართლებრივად არ მომხდარა და ამის პრეცედენტი იქნება სწორედ კომისიის შექმნა" - ლადო ბოჟაძე

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა კვლავ პოლიტიკური უთანხმოების მიზეზია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები გამოიძიონ.

"ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველა ბიზნესმენთან, ვისაც ქონება ჩამოართვეს. ვითანამშრომლებთ ყველა ადამიანთან, ვისი უფლებებიც იქნა დარღვეული. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ასევე, იქნება საქართველო-რუსეთის ომამდე პერიოდი და თავად ის, პერიოდი, როდესაც რუსეთთან ცხელი ომის ფაზაში ვიყავით და, რაც ყველაზე მთავარია, შემდგომი პერიოდი, როდესაც ოკუპანტს გაუუქმეს სავიზო რეჟიმი, გადასცეს სტრატეგიული ობიექტები. სისხლიანი რეჟიმის შეფასება სამართლებრივად არ მომხდარა და ამის პრეცედენტი იქნება სწორედ საქართველოში აღნიშნული კომისიის შექმნა", - აღნიშნა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ.

ოპოზიცია კი "ქართულ ოცნებას" ურჩევს პროცესი საკუთარი დანაშაულების გამოძიებით დაიწყოს. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებას ქვეყანაში არსებული ვითარების გადაფარვის მცდელობად მიიჩნევენ.

"როგორ შეიძლება არალეგიტიმურმა პარლამენტმა წამოიწყოს პროცესი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ეს არის ფარსი და ყურადღების გადატანის მცდელობა. ეს არის ის, რაც ახასიათებს ამ არალეგიტიმურ რეჟიმს. თუ მათ ნამდვილად უნდათ რაიმე საქმის გამოძიება, აიწყონ თავიანთი დანაშაულის გამოძიებით", - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კაპანაძემ.

"ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიის შექმნაზე განხილვის დაწყებას საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას აპირებს.

დღის ამბები