07 თებერვალი 2025,   11:59
ვრცლად
"პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს "დიფ სთეითის" დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ, ამ ბრძოლაში წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის" - ირაკლი კობახიძე

"აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის, ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული - "დიფ სთეითის" დამარცხების გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ მას ამ საქმეში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სურს აშშ-თან ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ "დიფ სთეითთან" ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, რეგიონში და ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომელიც აქტიურად ვრცელდებოდა მსოფლიოს მასშტაბით გასული 4 წლის განმავლობაში.

"დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-თვის. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ გასული ოთხი წელიწადი იყო საკმაოდ რთული ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. იყო არაერთი კრიზისი, მიმდინარეობს კვლავაც ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში. ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. ლიბერალური ფაშიზმი, რაც არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, არამედ, სხვადასხვა ქვეყნის პრობლემა, ამანაც ახალი განვითარება შეიძინა ამ ოთხი წლის განმავლობაში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში, ამ ოთხი წლის განმავლობაში, იყო რევოლუციის ოთხი მცდელობა. მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად, იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი ოთხი წელიწადი იქნება თვისობრივად განსხვავებული, ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზე. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული. ეს არის "დიფ სთეითის" დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო- აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ბრძოლა "დიფ სთეითთან" პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში. ასევე, ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას.

ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ მზაობა, რომ გვსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან, იმედი გვაქვს, რომ გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები. ამ კუთხითაც 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა პრემიერმა.

 

დღის ამბები