
რამდენიმე საათში ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია თბილისის დროით საღამოს 9 საათზე დაიწყება.
ვაშინგტონში -11 გრადუსია, ამიტომ, ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ფიცს კაპიტოლიუმის შენობაში დადებს.
ადგილზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ცერემონიის პარალელურად მობილიზებული იქნება 25 ათასი სამართალდამცველი.
დაგეგმილია ბევრი აქტივობა, რომელშიც მონაწილეობს დონალდ ტრამპი. ის ვიცე პრეზიდენტთან ერთად უკვე იმყოფებოდა არლინგქტონის ეროვნულ სასაფლაოზე და ყვავილებით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ამის შემდეგ, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად გაიმართა დიდი კონცერტი კაპიტოლიუმის არენაზე, სადაც ადგილობრივი მუსიკოსები წარსდგეს მსმენელების წინაშე.
საიმიგრაციო პოლიტიკა, მემარცხენე იდეოლოგიასთან ბრძოლა, წესრიგის დაბრუნება, კანონის აღსრულება და კორუმპირებული ადმინისტრაციის შეცდომების გამოსწორება - ეს იყო ის საკითხები, რომელზეც ყურადღება გაამახვილა ამერიკის პრეზიდენტმა.
"ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნებას. ხვალ, შუადღისას დასრულდება ამერიკის რამდენიმეწლიანი უკუსვლა. ჩვენ ვიწყებთ ამერიკის სიძლიერისა და კეთილდღეობის, ღირსებისა და სიამაყის ახალ დღეს. ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს უკან დავიბრუნებთ. ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ წარუმატებელი და კორუმპირებული ისტებლიშმენტის მეფობა ვაშინგტონში, აღარ ვაპირებთ ამის ატანას. შევაჩერებთ ჩვენს საზღვრებში შემოჭრას.
ვაპირებთ, დავუბრუნოთ კანონი და წესრიგი ჩვენს მოქალაქეებს. ვაპირებთ, აღვადგინოთ პატრიოტიზმი სკოლებში და მოვაშოროთ რადიკალური მემარცხენე იდეოლოგია შეიარაღებულ ძალებში და მთავრობიდან. ვაპირებთ, ამერიკა კვლავ დიდებულ გავხადოთ. ხვალ, მზის ჩასვლისთვის ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური სვლა ამერიკის ისტორიაში და 75 დღის წინ მივაღწიეთ ყველაზე ეპიკურ პოლიტიკურ გამარჯვებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს. ხვალიდან ვიმოქმედებთ ისტორიული სისწრაფით და გამოვასწორებთ თითოეულ კრიზის, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.