09 თებერვალი 2025,   12:20
ვრცლად
"კრედიტ სუისის" შემდეგ "ჯულიუს ბაერი" - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი შვეიცარიული ბანკის მხრიდან პოლიტიკურ შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს

"კრედით სუისის" შემდეგ, "ჯულიუს ბაერი" მეორე შვეიცარიული ბანკია, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილს პრობლემა შეექმნა. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ადვოკატმა დღეს ამ საკითხს ვრცელი წერილი მიუძღვნა. ტექსტის მიხედვით ირკვევა, რომ "კრედიტ სუისის" საქმიდან - რომელსაც ივანიშვილმა ბერმუდასა და სინგაპურში სასამართლო დავები მოუგო, გადარჩენილი აქტივები "ჯულიუს ბაერის" ჰეჯ ფონდებში გადაიტანა. ადვოკატის თქმით, საინვესტიციო ფონდები კლიენტთან წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდნენ, თუმცა ვითარება ბოლო 6 თვეში რადიკალურად შეიცვალა. ბიძინა ივანიშვილს პრობლემები შეექმნა საკუთარი ქონების განკარგვის შესახებ ინფორმაციის მიღების პროცესში, რაც შვეიცარიულმა საფინანსო ინსტიტუტმა ვერ ახსნა.

"ჯულიუს ბაერის" ქმედებას პოლიტიკურ შანტაჟს უკავშირებს ივანიშვილის ინტერესების დამცველი, ამის დასტურად კი წერილში, ბანკის მიერ 2024 წლის დეკემბერს მოქმედებები მოჰყავს. ადვოკატი წერს, რომ ე.წ. ამერიკული სანქციის შედეგ, ბაერმა კლიენტს განუცხადა, რომ აქტივები სანქციას დაექვემდებარა. ბანკი ივანიშვილს პოლიტიკური აქტივობის გამო ანგარიშის დახურვითაც დაემუქრა. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე შანტაჟისა და ფინანსური ზარალისთვის დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს.

"ჯულიუს ბაერის" დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ გასული წლის 29 აპრილიდან შეიცვალა, რაც მისი მხრიდან ე.წ. დიფ სთეითისა და "გლობალური ომის პარტიის" ღია მხილებას უკავშირდება - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ შვეიცარიულმა ბანკმა, ერთ-ერთ მსხვილ კლიენტთან თანამშრომლობის სტილი ბიძინა ივანიშვილის უკომპრომისო პოზიციის შემდეგ გაართულა, რაც ე.წ. დიფ სთეითის გავლენებზე მიუთითებს.

შვეიცარიული ბანკის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენებას გამორიცხავენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები "კრედიტ სუისის" მსგავსად, ამ შემთხვევასაც ორ სუბიექტს შორის წარმოქმნილ ბიზნეს დავას უწოდებენ.

ოპონენტების პოზიცია მმართველ გუნდში არ უკვირთ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად გარკვეული ძალები უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაციას სწირავენ, ამის მიზეზი კი ივანიშვილის მხრიდან პირად ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესების დაყენებაა.

ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ აქტივებთან დაკავშირებით პრობლემა უკვე მეორე შვეიცარიულ ბანკთან შეექმნა. "კრედიტ სუისის" შემდეგ, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, ივანიშვილთან დავა, სავარაუდოდ, "ჯულიუს ბაერს" მოუწევს.

დღის ამბები