
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და საქართველოს ეკონომიკის განვითარების გეგმა - პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორი მიმართულება გამოყო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების სტადიონისა და ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის სამთავრობო გუნდი ინტენსიურად მუშაობს.
რა სარგებელს ნახავს ქართული ეკონომიკა მასშტაბური პროექტებით - ამ კითხვას, ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა და თქვა, რომ ახალი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკაში, ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.
ეკონომიკაში დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს ახალი სტადიონიც, რომელიც უეფას ყველა კრიტერიუმის დაცვით თბილისში აშენდება. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ინფრასტრუქტურას, წამყვანი ევროპული კლუბების არენების მსგავსად, მაღალი რანგის ტურნირებისა და მატჩების მასპინძლობის შესაძლებლობა ექნება. მშენებლობის დასრულების შემდეგ გეგმებიც ამბიციურია - საქართველო ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს.
კიდევ ერთი მეგაპროექტი რომლის განხორციელებასაც მთავრობა მალე დაიწყებს - ახალი აეროპორტია. მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ვაზიანში უკვე მიმდინარეობს. აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ საკვანძო მნიშვნელობის პროექტის დასრულების შემდეგ, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა 19 მილიონამდე მგზავრს მიიღებს. მათივე პროგნოზით მგზავრთნაკადი წლიდან-წლამდე გაიზრდება.
ახალი აეროპორტის აშენებამდეც, ოფიციალური მონაცემებით, ტურიზმის დინამიკა მზარდია. ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა აქცენტი, საქართველოს ტურიზმის პოტენციალსა და ეკონომიკის დადებით ტემპზე გააკეთა. პოზიტიური ტენდენციების ფონზე, ქართული ეკონომიკის დაზიანების მცდელობისთვის დღეს ირაკლი კობახიძემ, ოპონენტებიც გააკრიტიკა.
გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლების პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში მაღალ მხარჯველუნარიან ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.