09 თებერვალი 2025,   11:37
ვრცლად
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტმა პირველი შეწყალების აქტი გამოსცა - მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

ინაუგურაციიდან 20 დღეში, საქართველოს მეექვსე პრეზიდენტმა პირველი შეწყალების აქტი გამოსცა. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით და ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პრეზიდენტის შეწყალების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გავრცელდა.
4 წლის წინ დახურული კარი შეწყალებულებისთვის დღეს გაიღო. უკვე ყოფილ პატიმრებს ახალი მიზნები აქვთ.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებს შორის მოხვდა რუსთავის ნომერ 16-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრების ნაწილიც. გათავისუფლების ცნობა მათთვისაც მოულოდნელი იყო. გიორგი მაჭავარიანი ამბობს, რომ ციხის დატოვება 3 წელიწადში უწევდა, თუმცა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი აქტით ის ოჯახს წელიწადსა და 11 თვეში დაუბრუნდა. ოჯახის ახალ წევრს თავისუფლებაზე მყოფი შეხვდება კიდევ ერთი უკვე ყოფილი პატიმარი და შეწყალების გზით გათავისუფლებული პირი.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ჰუმანური აქტის განხორციელების მოლოდინი საზოგადოებაში მაღალი იყო. საპარლამენტო უმრავლესობაში მასშტაბურ შეწყალებას მიესალმებიან და მიაჩნიათ, რომ პატიმრების რაოდენობის მხრივ ევროპულ სტანდარტთან მისაახლოებლად ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ჰუმანიზმის პრინციპით და სახელმწიფო ინტერესით განმარტა მიხეილ ყაველაშვილმა მის მიერ განხორციელებული მასშტაბური შეწყალების აქტი. თუმცა პოლიტიკურს უწოდებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში, სადაც ასევე ინტერესდებიან, როგორ შეძლო ასობით მსჯავრდებულის ისტორიის შესწავლა მიხეილ ყაველაშვილმა

პატიმრების შეწყალების მიღმა პოლიტიკურ ინტერესს მმართველი გუნდი გამორიცხავს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღებას წინ ხანგრძლივი მუშაობა უძღოდა, სადაც ჩართული იყო როგორც იუსტიციის სამინისტრო და სასჯელაღსრულების დაწესებულება, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 600-ზე მეტი პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს და ხვალ ეტაპობრივად დატოვებს.

 

 

 

დღის ამბები