
კაპიტოლიუმში, ინაუგურაციის ცერემონიაზე, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი თეთრი სახლიდან მივიდნენ.
მანამდე კი მოქმედმა პრეზიდენტმა ტრადიციის შესაბამისად არჩეულს, ჩაის ცერემონიაზე პირველ ლედისთან ერთად უმასპინძლა.
ინაუგურაციის დღე, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის მიმდებარედ წმინდა იოანეს საეპისკოპოსო ეკლესიაში დაიწყო. მსახურებაზე ტრამპი მეუღლესთან მელანიასთან ერთად იმყოფებოდა. მასთან ერთად იყვნენ ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მისი მეუღლე უშა.
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მეორედ, ინაუგურაციის ცერემონია, კაპიტოლიუმის შიდა სივრცეში გაიმართა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირ ეთერში ენახა, საორგანიზაციო პროცესიც. გადაღებულ კადრებში ჩანს საპრეზიდენტო ოთახი, რომელშიც ტრამპი მალე შევა. ასევე საზეიმო ვახშმის დარბაზი და როტონდა, სადაც ფიცის დადების ცერემონია იმართება. კაპიტოლიუმის შენობაში ცერემონიას 2 600-მდე ადამიანი ესწრება. სტუმრების ნაწილი როტონდაში ნაწილი კი კაპიტოლიუმის თავისუფლების დარბაზში განთავსდა.
ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია, 9 ოფიციალური ღონისძიებისგან შედგება, ესენია კაპიტოლიუმისკენ მსვლელობა. ვიცე-პრეზიდენტის ფიცის დადება, პრეზიდენტის ფიცი, საინაუგურაციო სიტყვა, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტთან გამომშვიდობება, ოფიციალურ დოკუმენტაციის ხელმოწერა, საზეიმო ვახშამი და აღლუმი, რომელიც ამინდის გამო წელს, ვაშინგტონის ცენტრში "ქეფიტალ ვანის" არენაზე გაიმართება.
ვაშინგტონისკენ გზა ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ დაიწყო, პალმ ბიჩიდან საპრეზიდენტო ბორტმა, რეისი შეასრულა, რომელსაც "საჰაერო მისია 47" ჰქვია, ვაშინგტონში ტრამპი მეუღლესთან და შვილთან ერთად ბერონისთან ერთად ჩავიდა.
47 პრეზიდენტმა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ამერიკელებს მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრისას მიმართა. ტრამპმა საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებები გაიმეორა. თქვა, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებებს, საკუთარი 200 განკარგულებით 24 საათში გააუქმებს. პრეზიდენტმა მხარდამჭერ ღონისძიებაზე მისულებს ისიც უთხრა, რომ ამერიკისთვის რკინის გუმბათს შექმნის, გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, და ქვეყნის ისტორიის განმავლობაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ პროცესს დაიწყებს.
ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე წელს სპეციალური სტუმრის სტატუსით მხოლოდ 5 ლიდერი მიიწვიეს. მათ შორის იყო უნგრეთის პრემიერ მინისტრი, რომელმაც სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის გამო ვაშინგტონში ჩასვლაზე უარი თქვა და განცხადება ბუდაპეშტში გააკეთა.
ტრამპისთვის ეს ინაუგურაცია მეორეა. ის ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი იყო 2017-21 წლებში. დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს ერთი ვადის გამოტოვებით დაუბრუნდება. მსგავსი რამ ამერიკაში თითქმის საუკუნე ნახევარია არ მომხდარა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.