
მთელი მსოფლიო და საქართველოც დონალდ ტრამპის პირველ სამუშაო დღეს ელოდება. გათვლები ქართულ პოლიტიკაში შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევის წინ სხვადასხვაგვარი იყო. ოპოზიციის დიდი ნაწილი ტრამპის კრიტიკით გამოირჩეოდა, ხელისუფლება კი არ მალავდა სიმპათიას და იმასაც ამბობდა, რომ როგორც ტრამპი იტყვის ისე იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპონენტების მიერ ტრამპის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე საუბრობს. მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ოპოზიცია რიტორიკის შეცვლას უშედეგოდ ცდილობს.
შალვა პაპუაშვილის სიტყვებით - იგივე პოლიტიკოსები, იგივე ჟურნალისტები, იგივე ენჯეოები და იგივე "გულწრფელი ადამიანები" დღეს ტრამპს შესციცინებენ და იმავე დამაჯერებელი ტონით ჭორაობენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი ჩაერია." ოპოზიცია ტრამპს აკრიტიკებდა, როგორც სატელევიზიო კომენტარებში ისე სოციალურ ქსელშიც. ვიდეო პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი 2021 წელს წერდა, რომ ტრამპი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ომში, პუტინის გამარჯვება იყო. არაერთ მსგავსი შინაარსის განცხადებას ინახავს "კურიერის" არქივიც.
პოლიტიკოსები, რომლებიც წლების წინ დონალდ ტრამპს აკრიტიკებდნენ, დღეს ტელეკამერებთან არ გამოჩენილან. მათი კოლეგები კი ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას", რომელიც დასავლეთთან კონტაქტებს მიზანმიმართულად წყვეტს, ოპონენტების ბრალდების მორალური უფლება არ აქვს.
მმართველი გუნდის წევრებისთვის, ოპოზიციის მხრიდან რიტორიკის შეცვლის მცდელობა მიუღებელია. სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციას რესურსი ამოწურული აქვს და დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, თავის გადარჩენას ცდილობს.
რამდენიმე საათში, შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შევა და საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.