09 თებერვალი 2025,   12:47
ვრცლად
შეთანხმების პირველი ეტაპი - 15 თვიანი ომის შემდეგ, ისრაელსა და "ჰამასს" შორის მძევლების გაცვლა შედგა

ღამით იერუსალიმის მახლობლად მდებარე ოფერის სამხედრო ციხიდან, ორი მიკროავტობუსი გავიდა. მედიის მონაცემებით, გათავისუფლებულებს შორის არიან მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს 78 მცხოვრები და აღმოსავლეთ იერუსალიმის 12 მკვიდრი. მათგან 69 ქალი, 9 კი ბავშვია.

შეთანხმების პირველი ეტაპის შესაბამისად, ტერორისტული ორგანიზაციის "ჰამასის" ტყვეობიდან ისრაელში სამი მძევალი დაბრუნდა. გათავისუფლებულები არიან 31 წლის დორონ სტეინბრეჩერი, ბრიტანეთისა და ისრაელის მოქალაქე 28 წლის ემილი დამარი და 24 წლის რომი გონენი, ისინი "ჰამასის" ტყვეობაში 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ იმყოფებოდნენ. ისრაელის ტერიტორიაზე მათ გადმოყვანას ქვეყანაში სახალხო ზეიმი მოჰყვა.

15 თვიანი ომის შემდეგ საკუთარ განადგურებულ საცხოვრებელს უბრუნდებიან პალესტინელები. ღაზაში მდებარე ქალაქები და დასახლებები ნანგრევებადაა ქცეული. ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" და ისრაელს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად, "ცაჰალს" ძალები ჯაბალიადან, ჰან იუნისიდან და რაფაჰიდან გაჰყავს.

დაბრუნებული პალესტინელები ჰყვებიან, რომ ნანგრევებში ამ დრომდე მოკლულების ცხედრები რჩება.

ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო პროცესის დაწყებას, საკუთარ ბოლო სამუშაო დღეს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "კმაყოფილია" ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შესრულებაში მისი გუნდის მონაწილეობით.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი 42 დღე გაგრძელდება. ამ პერიოდში, ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" 33 მძევალს გაათავისუფლებს. "ცაჰალი" კი საჯარისო ნაწილებს ღაზის საზღვართან ბუფერულ ზონაში გადაიყვან. პალესტინელ დევნილებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების საშუალება მიეცემათ. შეთანხმების რეალიზების პროცესს მონიტორინგს, ეგვიპტე, კატარი და ამერიკის შეერთებული შტატები გაუწევენ.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები