
დონალდ ტრამპი მთელი მსოფლიოდან მილოცვებს იღებს - არაერთი ქვეყნის ლიდერი იმედოვნებს, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის თაოსნობით, მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება.
"ტრამპის ხელმძღვანელობით ცხოვრების საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის" - აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში და მიესალმება ისრაელსა და შტატებს შორის "დიდ ალიანსს".
ტრამპის ახალი ვადა "ნამდვილი მშვიდობის" შესაძლებლობას გვთავაზობს - ეს უკვე უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ უკრაინელები ამერიკელებთან ერთად ამის მისაღწევად იმუშავებენ.
უმაღლესი თანამდებობის დაკავება მიულოცა ტრამპს რუსეთის პრეზიდენტმაც. როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, ის ღიაა დიალოგისთვის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინისა და ბირთვული იარაღის საკითხზე.
"ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად ინაუგურაციას. ახლა ჩვენი დროა, ვიბრწყინოთ", - წერს ორბანი.
ტრამპის ინაუგურაციას გამოეხმაურნენ და მას მიულოცეს მსოფლიოს სხვა ლიდერებმაც - მათ შორის გერმანიის, პოლონეთის, იტალიის და სხვა ქვეყნების პირველმა პირებმა.