
"ჩვენი "ხალხის ძალის" წერილები და კომენტარები ერთი-ერთში ემთხვევა ტრამპის გუშინდელ განცხადებას, როდესაც მან წერტილი დაუსვა "დიფ სთეითის" და გლობალური ომის პარტიის რიტორიკას ტრანსგენდერებთან დაკავშირებით, ქალის და კაცის გაუქმებასთან დაკავშირებით," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქცენტები ტრამპის მიმართვაში, რომლებიც მშვიდობას, სუვერენიტეტს და მხოლოდ ორი სქესის არსებობას ეხებოდა, თანხვედრაშია მათ პოლიტიკასა და ღირებულებებთან.
"რაც შეეხება "კოლექტიურ ნაცმოძრაობას," ამათ ხომ საერთოდ ნამუსი არ გააჩნიათ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სქესიც არ გააჩნიათ. იმიტომ, რომ ადრე ლგბტ დროშა ხელიდან ვერ გავაგდებინეთ და ახლა, როცა ტრამპი მოვიდა პრეზიდენტად, ახლა ყოფილა ქალი ქალი და კაცი კაცი, ისიც ზოგიერთებისთვის, მაგრამ ძალიან კარგად იცის ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ როგორ მოიხსენიებდა "კოლექტიური ნაცმოძრაობა" ტრამპს, როგორც რუსს ოლიგარქს, როგორც ამერიკის სირცხვილს და ა.შ." - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.