14 თებერვალი 2025,   06:16
ვრცლად
ამერიკის ახალი პრეზიდენტის გზავნილები - "ქართულმა ოცნებამ" მიდგომებში თანხვედრა უკვე პირდაპირ დონალდ ტრამპისგან მოისმინა

"ქართულმა ოცნებამ" მიდგომებში თანხვედრა უკვე პირდაპირ დონალდ ტრამპისგან მოისმინა, თანაც არაერთი მიმართულებით. ამერიკის ახალი პრეზიდენტის გზავნილები - ეროვნული ინტერესის, მშვიდობისა და სუვერენიტეტის დაბრუნებაზე, მმართველ გუნდისთვის, შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივას უფრო რეალურს ხდის. ამ მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს ტრამპის მხრიდან დაანონსებული ე.წ. დიფ სთეითის დემონტაჟი და გაცხადებული გენდერული პოლიტიკა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის დღესაც გაუმართლებელია საკითხები, რაზეც, ჯერ კიდევ ტრამპის ინაუგურაციამდე საუბრობდა "ქართული ოცნება". დიფ სთეითთან ერთად ისინი მოგონილ პრობლემას უწოდებდნენ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიასა და გენდერული პოლიტიკის გამოწვევებს. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები, რომლებიც ხელისუფლებას ე.წ. ლგბტ პროპაგანდის კანონის გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ, დღეს ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებენ. არ სურთ არც დონალდ ტრამპის გზავნილის შეფასება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში, სქესის დანერგვის პოლიტიკა ოფიციალურად დასრულდება.

მმართველი გუნდის შეფასებით, ოპონენტებს, რომლებიც "ქართული ოცნების" ინიციატივებსა და პოლიტიკურ განცხადებებს შეთქმულების თეორიასაც უწოდებდნენ, პასუხი თავად დონალდ ტრამპს გასცა, როდესაც საპრეზიდენტო სიტყვაში იდენტური გზავნილები გაახმოვანა. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ჯერ კიდევ გუშინ - ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგვე დაწერა სოციალურ ქსელში.

ქართული ოცნების პოლიტიკურ მიდგომებს მწვავედ აკრიტიკებდნენ ქვეყნის გარეთაც. ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით ხელისუფლებას არაერთმა ევროპელმა ლიდერმა მოუწოდა. განცხადებები კეთდებოდა ბაიდენის ადმინისტრაციიდანაც. მმართველი გუნდი, რომელიც ტრამპის პოლიტიკასთან იდეოლოგიურ თანხვედრას ხედავს, ურთიერთობის გაუმჯობესებას ელოდება არა მხოლოდ შტატებთან, არამედ ევროკავშირთანაც.

ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა საინაუგურაციო სიტყვაში აქცენტი მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა და პირდაპირ თქვა, რომ ომები მალე უნდა დასრულდეს. დონალდ ტრამპისთვის მისი "ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა" - მშვიდობისმყოფელის და გამაერთიანებლის სახელი იქნება.

დღის ამბები