
დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე წუთებიდან, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას შეუდგა. იმ 100-ზე მეტ განკარგულებას შორის, რომელზეც მან ხელი მოაწერა, ერთ-ერთი "დიფ სთეითის" დამარცხებას ეხება. ბრძანების მიხედვით, სამთავრობო დეპარტამენტებიდან და ფედერალური სააგენტოებიდან ბიუროკრატიის დიდ ნაწილს გაათავისუფლებენ. ტრამპმა პირობა არ დაარღვია ადრეული დაპირებების კიდევ ერთ ნაწილში და პრეზიდენტობის პირველი ვადის მსგავსად ამერიკის შეერთებული შტატები, "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან" და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოიყვანა.
როგორი იქნება ტრამპის პოლიტიკა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით. მან არაერთხელ თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ძალიან მალე შეაჩერებს. რა ფორმით მოახერხებს ამერიკის პრეზიდენტი დანაპირების შესრულებას უცნობია, თუმცა მან საინაუგურაციო სიტყვაში მკაფიოდ თქვა, რომ ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება მშვიდობისმყოფელის და გამაერთიანებლის როლი.
ომების შეჩერებასთან ერთად, ამერიკის 47-ე პრეზიდენტისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით, ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებაა. განსაზღვრული ორი სქესი და გადაწყვეტილება სახელმწიფო ძალაუფლება არ გამოიყენებოდეს პოლიტიკური დევნისთვის - დონალდ ტრამპისთვის ახალი პრიორიტეტები ამერიკული საზოგადოების განმტკიცებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა შედარებით ხისტი გადაწყვეტილებებიც დააანონსა და თქვა, რომ მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს დაარქმევს, პანამის არხს კი კვლავ ამერიკას დაუბრუნებს. ტრამპმა ნარკოკარტელები უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად მოიხსენია და არც მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა დაივიწყა. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა შტატების სამხრეთით ამერიკა-მექსიკის საზღვარზე. მან, ასევე, 90 დღით შეუჩერა ყველა ქვეყანას საგარეო დახმარების პროგრამები და სრულად შეიწყალა კაპიტოლიუმში შეჭრისთვის მსჯავრდებული 1 500 პირი.
დონალდ ტრამპი საკუთარ სტატუსს უკავშირებს თეთრი სახლის ადმინისტრაციაში სამართლიანობის აღდგენას. მისი სიტყვებით, ამერიკის მთავრობა კორუმპირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის გამო, ნდობის კრიზისის წინაშეა.
შტატების პრეზიდენტის განცხადებით, 20 იანვრიდან, ანუ მისი ინაუგურაციის მომენტიდან, ამერიკისთვის "ოქროს ხანა" დაიწყო. ტრამპის მოლოდინია, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში, მთელ მსოფლიოში დიდებას და პატივისცემას დაიბრუნებს.
ამერიკის 45-ე და 47-ე პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებასთან ერთად ამერიკის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების აღდგენაა. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მისი მხარდამჭერებისთვის კარგად ნაცნობი ფრაზა ბევრჯერ გაიმეორა და თქვა, რომ ძალიან მალე ამერიკა კვლავ დიადი გახდება.