14 თებერვალი 2025,   05:23
ვრცლად
ვინ როგორ დაესწრო ტრამპის ინაუგურაციას - "ქართული ოცნებისთვის" მათი ოპონენტების ვაშინგტონში ვიზიტი უშედეგოა

პოლიტიკური შოუს მცდელობა მმართველმა გუნდმა ოპოზიციის ნაწილის ამერიკული ვოიაჟის მიღმა დაინახა. დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დასრულდა, თუმცა ვინ როგორ და რა ფორმით დაესწრო ღონისძიებას ისევ განხილვის საკითხია. "ქართული ოცნებისთვის" მათი ოპონენტების ვაშინგტონში ვიზიტი უშედეგოა. იმის გათვალისწინებით, რომ მათივე თქმით, ვერცერთმა ოპოზიციონერმა ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლო.

ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად "სტრატეგია აღმაშენებლიდან" გიორგი ვაშაძე, ხოლო "ლელოდან" მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გაემგზავრნენ. ინაუგურაციის პარალელურად, ვაშაძისგან განსხვავებით "ლელოს" ლიდერების მხოლოდ ერთი ფოტო გავრცელდა ისიც ღია სივრცეში და არაოფიციალურ გარემოში. განმარტების გაკეთება დღეს თბილისში ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის წევრებს უწევდათ.

გიორგი ვაშაძე ცერემონიას თვალს ქეფითალ არენადან ადევნებდა. მან ვაშინგტონიდან სელფ ვიდეოც გაავრცელა - ვაშაძის თანაპარტიელები ლიდერის ვაშინგტონში ყოფნას წარმატებად მიიჩნევენ.

კოლეგა ოპოზიციონერებისგან მეტ სერიოზულობას ისურვებდნენ სხვა პარტიები. გიორგი გახარიას გუნდში ამბობენ, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში მხარდაჭერას მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ.

ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციაზე ახალ ადმინისტრაციას ოფიციალურად არც სალომე ზურაბიშვილი დაუპატიჟებია, თუმცა სხვა ოპოზიციონერი ლიდერებისგან განსხვავებით, ყოფილმა პრეზიდენტმა კაპიტოლიუმის შენობაში მოხვედრა ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელის მოწვევით შეძლო. კაპიტოლიუმის შენობიდან ფოტოც თავად გაავრცელა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა ლიდერებს, სურვილი აქვთ ყალბი პიარ კამპანიით საზოგადოებას შეუქმნან განცდა, რომ ოფიციალურ ვაშინგტონთან მათ მჭიდრო კავშირები აქვთ. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ მათი სურვილია - რეალობა კი სულ სხვაა.

სახელისუფლებო გუნდი მოუწოდებს ოპონენტებს უარი თქვან ვიწრო პარტიულ მიზნებზე და პატივი სცენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.

დღის ამბები