
ეკონომიკური ტრანსფორმაცია, მსხვილი ინვესტიციები და საქართველოს გზა რეგიონის ლიდერობისკენ - გავლენიანი ბრიტანული გამოცემა- Capital Finance International-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე გავრცელებულ ვრცელ სტატიაში წერს, რომ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყანა დიდ ეკონომიკურ ტრანსფორმაციას განიცდის. გამოცემა წერს, რომ საქართველო ბიზნესისა და ინვესტორებისთვის შესაძლებლობებით მდიდარ გარემოს ქმნის, რაც თავის მხრივ ქვეყნის მყარ ეკონომიკურ შედეგებზე აისახება. მოყვანილია მაჩვენებლებიც, რომლის თანახმად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2023 წლის მონაცემებით მნიშვნელოვნად, თითქმის 31 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ბრიტანული გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტურიზმის ხელშეწყობის, განახლებადი ენერგიისა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმების გატარების საკითხს. სტატიაში სათაურით "საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი: ძლიერი მხარეები, გამოწვევები და შესაძლებლობები" აღნიშნულია, რომ საქართველომ მხოლოდ 2023 წელს 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი მოიზიდა, რამაც ქვეყანას 4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
ვრცელ სტატიაში, საუბარია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის პროცესში, ეროვნული ბანკის როლზეც. ბრიტანული გამოცემა სებ-ის მონეტარულ პოლიტიკას ეფექტიანად აფასებს და აღნიშნავს, რომ ფინანსური ინსტიტუტის გადაწყვეტილებებმა ქვეყანაში ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის სანდო, საბანკო სექტორისთვის კი მდგრადი გარემო შექმნა.
ბრიტანული გამოცემა საუბრობს საქართველოს სამომავლო შესაძლებლობებზეც და წერს, რომ ქვეყანა სხვადასხვა, მათ შორის "IT-სექტორში მრავალ შესაძლებლობას ქმნის. კიდევ ერთ პერსპექტიულ სფეროდ ავტორი სოფლის მეურნეობას განიხილავს და მიიჩნევს, რომ ქვეყნის მიზანი სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნაა, ამ მიმართულებით კი საქართველოს არა შემთხვევითი არამედ მიზანმიმართული პროგრესი აქვს. ქვესათაურით - გზა რეგიონის ლიდერობისკენ - გამოყოფილ ნაწილში გამოცემა აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საქართველოს მიზანი რეგიონში ეკონომიკური ლიდერის პოზიციების გაძლიერებაა.
Capital Finance International-ი, რომლის სათაო ოფისიც ლონდონში მდებარეობს, უკვე 12 წელია აქტიურად აშუქებს ბიზნესის, ეკონომიკის და ფინანსების საკითხებს. გამოცემის ბეჭდური ვერსია ვრცელდება ისეთ მსხვილ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიცაა დავოსის ეკონომიკური ფორუმი, OECD-ის კონფერენციები, დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრები, Opal Group-ის ინვესტორთა კონფერენციები და მსოფლიოს საინვესტიციო ფორუმი.