
შვეიცარიულ ბანკი "ჯულიუს ბაერი" "კრედიტ სუისის" შემდეგ, მეორე შვეიცარიული ბანკია, რომელიც მსხვილი კლიენტის ინტერესებს დაუპირისპირდა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა მორიგი წერილი გაავრცელა და თქვა, რომ "ჯულიუს ბაერმა" და მისმა ჰეჯ ფონდებმა, კლიენტს ინვესტიციებისა და აქტივების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს. ასევე, სრულიად უკანონოდ ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების ანგარიშები.
ადვოკატის წერილში დღეს "ჯულიუს ბაერთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი დეტალი გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ სწორედ "ჯულიუს ბაერისგან" ითხოვენ ინფორმაციას ქართული საგამოძიებო უწყებები გიორგი ბაჩიაშვილის ანგარიშების შესახებ. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი აცხადებს, რომ ბანკი უკანონო ქმედებებით "ქართული ოცნების" დამფუძნებლის დაშანტაჟებას ცდილობს.
ე.წ. დიფ სთეითის ღია მხილება და მისი გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა - ბიძინა ივანიშვილზე მორიგი შეტევის მცდელობის მიზეზი გახდა - ასე ფიქრობენ მმართველ გუნდში, სადაც თქვეს რომ 29 აპრილს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკის ქცევა შეცვალა. სახელისუფლებო გუნდი ე.წ. დიფ სთეითს უკავშირებს გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ "ჯულიუს ბაერის" მხრიდან ინფორმაციის დამალვასაც.
ოპოზიცია "ჯულიუს ბაერისა" და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობასთან გიორგი ბაჩიაშვილის კავშირს გამორიცხავს ოპოზიცია. მათი მტკიცებით, დავას პოლიტიკური მდგენელი არ გააჩნია და ის კერძო სუბიექტებს შორის გაურკვევლობას წარმოადგენს.
ოპოზიცია გიორგი ბაჩიაშვილს მიზანმიმართულად იცავს - ასეთია "ხალხის ძალის" პოზიცია. ზურაბ ქადაგიძე ამტკიცებს, რომ თბილისში მიმდინარე აქციების ფინანსური მხარდამჭერი სწორედ საინვესტიციო ფონდის ყოფილი დირექტორი იყო. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ "ჯულიუს ბაერის" მხრიდან ბაჩიაშვილის სასარგებლო ქმედებაც, ოპოზიციისა და მისი საერთო მფარველების დამსახურებაა.
ქადაგიძემ დღეს გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს გაკეთებული მწვავე მოწოდებებიც გაიხსენა, რომელშიც ბაჩიაშვილი ხელისუფლების შეცვლის სურვილზე ღიად საუბრობდა.
თავად გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საკუთარ სოციალურ ქსელში აბსურდი უწოდა. სახელისუფლებო გუნდში კი ფიქრობენ, რომ "ჯულის" მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების მის სასარგებლოდ დარღვევა ე.წ. დიფ სთეითთან ბაჩიაშვილის და ოპოზიციის კავშირს ადასტურებს. კანონმდებლების აზრით, გარკვეული ძალები ბიძინა ივანიშვილის დასჯას პერსონალურ ინტერესებზე მაღლა, სახელმწიფო ინტერესების დაყენების გამო ცდილობს.
ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ "კრედიტ სუისს" სასამართლო დავა ბერმუდასა და სინგაპურში ყველაა ინსტანციაში მოუგო. კლიენტთან ურთიერთობის გარკვევა სავარაუდოდ საერთაშორისო არბიტრაჟში "ჯულიუს ბაერსაც" მოუწევს.