
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ე.წ. დიფ სთეითი ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად ყველა შესაძლო გზას იყენებს. საუბარია მმართველი პარტიის დამფუძნებლის ადვოკატების მიერ გავრცელებულ წერილზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ julius baer-ის ჰეჯ ფონდები ივანიშვილს კუთვნილ საინვესტიციო აქტივებთან დაკავშირებით ბოლო 6 თვეა ინფორმაციას არ გასცემენ. შვეიცარიულმა ბანკმა მსხვილ კლიენტს ისიც განუცხადა, რომ ე.წ. ანგარიშები ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ინტერესების დამცველები გიორგი ბაჩიაშვილზეც საუბრობენ. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ანგარიშები სწორედ julius baer-ში აქვს, საქმეში დაზარალებული კი ბიძინა ივანიშვილია. ქართული საგამოძიებო უწყებების თხოვნის მიუხედავად, ბანკი ბაჩიაშვილზე ინფორმაციას მალავს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბრალდებული თბილისში აქციებისა და ოპოზიციის დამფინანსებელია, ბანკის მხრიდან მისი დაცვა კი ე.წ. დიფ სთეითთან კავშირებს ადასტურებს.
julius baer-ისა და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობას დღეს საკმაოდ ვრცელი წერილი მიუძღვნა ზაზა შათირიშვილმა. "ოცნების" მხარდამჭერი ფილოსოფოსი დარწმუნებულია, რომ გასული წლის 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ე.წ. დიფ სთეითის ღია მხილების შემდეგ, გარკვეულმა ძალებმა უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია დაანგრიეს. შათირიშვილი გიორგი ბაჩიაშვილსა და მის ადვოკატ რობერტ ამსტერდამზეც წერს. მისი თქმით, სწორედ ამსტერდამია ბაჩიაშვილის უცხოური გავლენის ძალებთან დამაკავშირებელი ფიგურა, მიზანი კი, მისი გამოყენებით ივანიშვილზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებაა.
შვეიცარიული ბანკის მიერ ანალიტიკური ინფორმაციის კლიენტისთვის დამალვას ე.წ. ამერიკულ სანქციებს უკავშირებენ ოპოზიციაში. ოპონენტების პოლიტიკურ შანტაჟს გამორიცხავენ და იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა გაურკვევლობა მხოლოდ კომერციული ხასიათის იყოს.
ბიძინა ივანიშვილის დასჯას ცდილობენ იმისთვის, რომ მან ეროვნული ინტერესები პირადზე მაღლა დააყენა - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლების თქმით, "კრედიტ სუისის" მსგავსად "ჯულიუს ბაერის" საქმეშიც ე.წ. დიფ სთეითის გავლენები იკვეთება. პოლიტიკოსების მტკიცებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ბაჩიაშვილისა და ქართული ოპოზიციის საერთო მფარველები მოქმედებენ, რაც მათი პოზიციებითაც დასტურდება.
julius baer, სავარაუდოდ, მეორე შვეიცარიული ბანკი იქნება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივი დავა მოუწევს. ივანიშვილმა "კრედიტ სუისს" ბერმუდასა და სინგაპურის სასამართლოებში ყველა დავა უკვე მოუგო.