07 თებერვალი 2025,   12:03
ვრცლად
ტრამპის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები - 47-ე პრეზიდენტმა თეთრ სახლში პირველი პრესკონფერენცია გამართა

ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ჟურნალისტების კითხვებს თეთრ სახლში, ინაუგურაციის შემდეგ პირველად უპასუხა.

საომარი მოქმედებები უკრაინაში და რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციები, საიმიგრაციო პოლიტიკა, ტარიფები ევროკავშირსა და ჩინეთს - დონალდ ტრამპმა, პრესკონფერენციაზე ყურადღება ბევრ საკითხებზე გაამახვილა.

ჟურნალისტის კითხვაზე - დაუწესებს თუ არა ის რუსეთს დამატებით სანქციებს, თუ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, უპასუხა, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. ტრამპმა ევროკავშირიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ევროპის ქვეყნებმა უკრაინის დასახმარებლად უფრო მეტი უნდა გააკეთონ. პარალელურად, ამერიკულ მედიაში დაიბეჭდა, რომ პრეზიდენტმა სპეციალურ წარმომადგენელს კიტ კელოგს, უკრაინის ომის 100 დღეში დასრულება უკვე დაავალა.

ტრამპის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ემხრობა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, დონალდ ტრამპს შეუძლია პუტინზე ზეწოლა განახორციელოს.

დონალდ ტრამპმა, ევროკავშირის მსგავსად უკრაინის ომთან მიმართებაში ჩინეთის პრეზიდენტიც გააკრიტიკა და თქვა, რომ სი ძინ პინს ომის დასასრულებლად ბევრი არაფერი გაუკეთებია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ჩინეთის ქმედებებით უკმაყოფილება გამოთქვა, სინთეტიკური ნარკოტიკის კონტრაბანდაა. დონალდ ტრამპი ჩინეთიდან იმპორტზე 10 პროცენტიანი გადასახადის დაწესებას გეგმავს. შტატების პრეზიდენტმა, ასევე უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის გამო.

ამერიკის პრეზიდენტს უკვე უპასუხეს ოფიციალური პეკინიდან. ჩინეთის პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გაახმოვანა და შტატების პრეზიდენტს შეახსენა, რომ ჩინეთი ეროვნულ ინტერესებს დაიცავს.

ეროვნული ინტერესების დაცვას ასახელებს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად მარკო რუბიოც. ის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტში პირველად მივიდა და თანამშრომლებს შეხვდა. შტატების სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ამერიკა მჭიდროდ ითანამშრომლებს ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებიც ეროვნულ ფასეულობებს დაიცავენ.

ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია კაპიტოლიუმში 20 იანვარს გაიმართა. ფიცის დადებიდან პირველივე საათებში, დონალდ ტრამპმა რამდენიმე მნიშვნელოვან განკარგულებას მოაწერა ხელი. პრეზიდენტმა ზომები მიიღო "დიფ სთეითის" გასაწმენდად, შეერთებული შტატები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოიყვანა. დონალდ ტრამპა, 90 დღის განმავლობაში, ყველა ქვეყნისთვის საგარეო დახმარებაც გააჩერა.

დღის ამბები