
"დარჩით მექსიკაში" - შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირების შესრულებას შეუდგა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე გააუქმა საბაჟოსა და საზღვრის დაცვის აპლიკაცია, რომლიც მილიონობით ადამიანს საშუალებას აძლევდა ამერიკაში ლეგალურად შესულიყო და ემუშავა. ამასთან, მომდევნო 4 თვის განმავლობაში შტატების სამხრეთ საზღვარს ვერ გადაკვეთს თავშესაფრის ვერცერთი მაძიებელი. ტრამპის ადმინისტრაციამ სოციალურ სააგენტოებს უკვე მისცა ახალი მითითება, რომლის თანახმად საიმიგრაციო ციხის ნაცვლად, არალეგალებს შტატებიდან დაუყოვნებლივ გააძევებენ.
დონალდ ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა ძირითადად მიგრანტების დიდ რაოდენობასა და კრიმინალს უკავშირდება.
ნიდია მონტენეგრო ვენესუელელია, რომელიც მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას და თავშესაფრის მოთხოვნას აპირებდა. საზღვრის მიმდებარე ქალაქ ტიხუანაში მან სატელეფონო შეტყობინება მიიღო, რომ შეერთებული შტატების თავშესაფრის მომთხოვნთა მიღების პუნქტი დაიხურა და სასაზღვრო სამსახურთან დანიშნული შეხვედრა გაუქმებულია.
ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ასობით მიგრანტი ხშირად თვეების განმავლობაში, სასაზღვრო სამსახურთან გასაუბრებას ელოდა, რათა შეერთებულ შტატების საზღვარი კანონიერად გადაეკვეთა. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, საზღვარზე საიმიგრაციო სამსახურმა ცენტრები დახურა.
საზღვართან მისულები ამერიკაში შესასვლელად აპლიკაციას იყენებდნენ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა, ეს ონლაინ ლატარიის სისტემა იყო, რომელიც მათ საშუალებას აძლევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გასაუბრების მეშვეობით, ლეგალურად გადაეკვეთათ საზღვარი და ადგილზე დასაქმების უფლებაც მოეპოვებინათ. 2023 წლის იანვრიდან, შეერთებულ შტატებში ამ აპლიკაციის გამოყენებით მილიონამდე მიგრანტი შევიდა. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, აპლიკაცია რამდენიმე წუთში გაითიშა და საზღვართან მყოფი ადამიანები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა უკანონო მიგრაციის აღკვეთის მიზნით გამოაცხადა. თქვა, რომ ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაციის პროცესს იწყებს. სააგენტოებს დაავალა, უარყონ აშშ-ში დაბადებული ბავშვების მოქალაქეობა, თუკი ერთ-ერთი მშობელი მაინც არ არის ამერიკის მოქალაქე ან ერთ-ერთს მაინც არ აქვს კანონიერად მუდმივად ცხოვრების უფლება, იგივე "მწვანე ბარათი."
ავტორი: ლუკა ჩლაიძე