
დებატები ევროპარლამენტში - დარბაზში საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და "ქართული ოცნების" პოლიტიკაზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები ისმოდა, მათ შორის, საპროტესტო აქციებისა და არჩევნების შესახებ. ევროპარლამენტში განხილვის თემა ისევ იყო უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონებიც.
კოლეგების საპასუხოდ ევროპარლამენტართა ნაწილი საქართველოს შიდა საქმეებში უცხოურ ჩარევაზე მიუთითებდა. თუმცა მანამდე იყო მოთხოვნები ივანიშვილის დასანქცირებასა და სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ასევე განცხადებები ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაზე, რის შემდეგაც დაისვა რიტორიკული შეკითხვა - როგორ შეიძლება პრორუსული იყოს ოკუპირებული ქვეყნის მთავრობა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ყველა პლატფორმაზე იბრძვის.
სტრასბურგში გაკეთებული განცხადებებიდან თბილისში ოპოზიცია ყურადღებას ძირითადად კრიტიკულ გზავნილებზე ამახვილებს და ეთანხმება იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, აქტუალობას არ უნდა კარგავდეს.
ევროპარლამენტში გამოთქმულ კრიტიკას "ქართული ოცნებისთვის" ერთადერთი ახსნა აქვს - უხეში ჩარევა, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ აყენებენ დღის წესრიგში საკითხებს, რომელიც ევროპარლამენტის წინა არაერთ რეზოლუციაშიც მოხვდა.
დებატები სტრასბურგში გვიან ღამით დასრულდა. საქართველოს საკითხზე 1 საათის განმავლობაში 27 მოხსენება გაკეთდა.