
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში წერილი დაუტოვა. წერილი შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა გაასაჯაროვა. ამის შესახებ nypost წერს.
"ძვირფასო პრეზიდენტო ტრამპ, მას შემდეგ, რაც მე ამ წმინდა ოფისს ვტოვებ, მინდა შენ და შენს ოჯახს გისურვოთ ყოველივე საუკეთესო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამერიკელი ხალხი და ხალხი მთელს მსოფლიოში ამ ოფისისგან ელოდება სიმტკიცეს ისტორიის გარდაუვალ ქარიშხლებში.
მე ვლოცულობ, რომ ჩვენი ერისთვის მომდევნო წლები იქნება კეთილდღეობის, მშვიდობის და მადლიერების. ღმერთმა დაგლოცოს და წარგიძღვეს ისე, როგორც დალოცა და წარუძღვა ჩვენს ძვირფას ქვეყანას დაარსების დღიდან", – წერია წერილში, რომელიც Fox News-მა მოიპოვა.
დონალდ ტრამპმა წერილი ოვალური ოფისის სამუშაო მაგიდის უჯრაში ნახა და აღნიშნა, რომ ჩანაწერი "კარგი იყო" და ის აფასებს ჯო ბაიდენის ჟესტს.
მანამდე, წერილის შინაარსის შესახებ ჰკითხეს ჯო ბაიდენს, თუმცა მან აღნიშნა, რომ ეს ტრამპსა და მის შორის დარჩებოდა.
ტრადიცია, რომლის თანახმადაც, წინამორბედი პრეზიდენტი ახალ პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში წერილს უტოვებს, რონალდ რეიგანმა 1989 წელს დაამკვიდრა.