07 თებერვალი 2025,   11:44
ვრცლად
"გადატვირთვის პოლიტიკა" არის მითი, რომლისაც არც თავად "ქართული ოცნების" ლიდერებს სჯერათ" - დიმიტრი ცქიტიშვილი

რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას - საკითხზე პოლიტიკური შეფასებები კიდევ ერთხელ კეთდება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის ნარატივი, არსებულ ვითარებაში ქვეყნებს შორის ურთიერთობათა გადატვირთვის შესახებ, მითია. მათი განმარტებით, ვაშინგტონსა და თბილისს შორის დამოკიდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუმჯობესდება თუ გადატვირთვა ჯერ საქართველოში მოხდება.

"გადატვირთვის პოლიტიკა" არის მითი, რომლისაც არც თავად "ქართული ოცნების" ლიდერებს სჯერათ და არც უნდათ - ეს არის ის სატყუარა, რომლითაც თავის მომხრეებს ატყუებენ, რომ თითქოს, 20 იანვრიდან რაღაც ახლებური იქნებოდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, პირველ რიგში, საქართველოში მოხდება გადატვირთვა და დაბრუნდება საქართველო დემოკრატიულ კალაპოტში, აღდგება ის დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რაც იყო," - აცხადებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე კი დარწმუნებულია, რომ ტრამპის მხრიდან დასანქცირებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაიზრდება.

"გამორიცხულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერა მიიღოს არალეგიტიმურმა "ქართულმა ოცნებამ". ტრამპი მხარს უჭერს ჩვენს ხალხს და ქვეყანას და, დარწმუნებული ვარ, ეს მხარდაჭერა მომავალში განმტკიცდება და გამოჩნდება კონკრეტულ ქმედებებში, - მაგალითად, გაიზრდება დასანქცირებულ პირთა წრე ამერიკის შეერთებული შტატებიდან," - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები