23 აპრილი 2025,   00:03
ვრცლად
"მედია ფაქტებს ამოწმებს და შემდეგ წყვეტს, გააშუქოს თუ არა... რასაც ივანიშვილის ადვოკატები აღწერენ, ძალიან საეჭვოა, რომ რეალურ ფაქტებთან იყოს კავშირში" - თამაზ დათუნაშვილი

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველების მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მედიაკონსულტანტს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში, ბიძინა ივანიშვილისა და Julius Baer-ის ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაში პრობლემები შეექმნა, ოპოზიციაში გამოეხმაურნენ.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, თამაზ დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული პრობლემა არა პოლიტიკურ დევნასთან, არამედ ფაქტების არასანდოობასთან არის დაკავშირებული.

"Julius Baer-ი არის საერთაშორისო მასშტაბის, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკი, რომელიც ასეთი ქმედებებით დაკავებული აქამდე არასდროს არ ყოფილა და არც ივანიშვილზე არავითარ გამონაკლისს არ გააკეთებდა. ცივილიზებულ სამყაროში, მედია ფაქტებს ამოწმებს და შემდეგ წყვეტს, გააშუქოს თუ არა ესა თუ ის ფაქტი. რასაც ივანიშვილის ადვოკატები აღწერენ, ძალიან საეჭვოა, რომ რაიმე სახით, რეალურ ფაქტებთან იყოს კავშირში", - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ კომერციული დავები არ აინტერესებს და არც ამ დავებთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიების სჯერა.

"კომერციული დავები საერთოდ არ აინტერესებს არავის, არც მე არ მაინტერესებს. არც იმ კონსპირაციული თეორიების მჯერა, რომ დასავლურ საზოგადოებაში და დასავლურ სამყაროში პოლიტიკური დევნა ხორციელდება კომერციული დავების დროს," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით."

დღის ამბები