07 თებერვალი 2025,   12:40
ვრცლად
დავა მეორე შვეიცარიულ ბანკთან და მეორე ჯერზე დაბლოკილი ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები გლობალური ცენზურის შესახებ

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა ე.წ. დიფ სთეითის მხრიდან მიმდინარეობს. მთავრობის მეთაური დღეს, მმართველი პარტიის დამფუძნებლის ადვოკატების წერილს გამოეხმაურა. საუბარია ჯულიუს ბაერის მხრიდან ერთ-ერთი მსხვილი კლიენტის წინააღმდეგ ბოლო 6 თვის განმავლობაში გადადგმულ უკანონო ნაბიჯებზე, რომლის შესახებაც ივანიშვილის ინტერესების დამცველებს ინფორმაციის გავრცელება საერთაშორისო მედიაში სურდათ. თუმცა მიუხედავად არაერთი მცდელობისა, შვეიცარიულმა და სხვა ევროპულმა გამოცემებმა მათ მიერ მიწოდებული მასალა არ გაავრცელეს. პრემიერის განცხადებით, ოცნების საპატიო თავმჯდომარის დასჯის მცდელობას, "კრედიტ სუისის" შემდეგ მეორე შვეიცარიული საფინანსო ინსტიტუტის რეპუტაცია ეწირება - მიზეზი კი ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლაზე უარია. 

შვეიცარიული ჯულიუს ბაერის ჰეჯ ფონდების მიერ დამალულ ანალიტიკურ ინფორმაციაზე, რომელიც ივანიშვილის საინვესტიციო აქტივებს ეხება - ადვოკატებმა ინფორმაციის გავრცელება დასავლურ მედიაში ვერ შეძლეს. ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველებს ეს გარემოება დამატებით ეჭვებს უჩენთ. გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ მედიამ შეთავაზებულ მასალებზე უარის არგუმენტად სამართლებრივი დავის არარსებობა დაასახელა.

დასავლურ მედიაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არსებულ ცენზურაზე, ვრცელი წერილი გამოაქვეყნა ზაზა შათირიშვილმაც. "ოცნების" მხარდამჭერი ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ პროცესებს მიღმა ე.წ. დიფ სთეითია, რომელიც ივანიშვილს წინააღმდეგობის გაწევას და მხილებას არ პატიობს. 

ცენზურას დასავლური მედიასაშუალებების მხრიდან გამორიცხავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ინფორმაციის დაბლოკვას მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ბანკსა და ივანიშვილს შორის დავა მხოლოდ კომერციულ ხასიათს ატარებს. 

ქართულ ოპოზიციას, ჯულიუს ბაერის მფარველ ძალებთან აკავშირებს საპარლამენტო უმრავლესობა. პოლიტიკოსებს ოპონენტების პოზიცია არ უკვირთ. ამბობენ, რომ უცხოური გავლენის ძალები მიზნის მისაღწევად ყველა არადემოკრატიულ გზას განიხილავენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოებრივი ინტერესის დათმობას არ აპირებს. 

ჯულიუს ბაერი სავარაუდოდ "კრედიტ სუისის" შემდეგ მეორე შვეიცარიული ბანკი იქნება, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილს სამართლებრივი დავა მოუწევს. "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა "კრედიტ სუისი" ბერმუდასა და სინგაპურის საარბიტრაჟო სასამართლოებში უკვე დაამარცხა. 

დღის ამბები