07 თებერვალი 2025,   13:12
ვრცლად
თეთრ სახლში ინაუგურაციის შემდეგ, დონალდ ტრამპის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ - 47-ე პრეზიდენტი წინამორბედს აკრიტიკებს

თეთრ სახლში ინაუგურაციის შემდეგ, დონალდ ტრამპის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ "ფოქს ნიუსის" ჟურნალისტთან შედგა. 47-ე პრეზიდენტმა წინამორბედი გააკრიტიკა და თქვა, რომ ჯო ბაიდენმა შეცდომა დაუშვა, როდესაც თანამდებობის დატოვებამდე, საკუთარი თავიც არ შეიწყალა. საუბარი ეხება ბაიდენის მიერ პრეზიდენტის დისკრეციის გამოყენებას , როდესაც მან საკუთარი ოჯახის წევრები შეიწყალა. ტრამპმა "ფოქს ნიუსის" ჟურნალისტს უთხრა, რომ ამერიკელები მისი კონკურენტის მიერ წარმოებული პოლიტიკის საშინელებას მიხვდნენ.

ამერიკის პრეზიდენტის შეფასებით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ჯანსაღად არ აზროვნებენ და ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ. მან არგუმენტად გენდერის საკითხი გამოიყენა. ინტერვიუს დროს საუბარი შეეხო არჩევნებსაც. რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ ის არჩევნებს არ მოიგებდა, ქვეყანა დაიკარგებოდა. ტრამპის თქმით, მან ზედიზედ ორი საპრეზიდენტო ვადის შენარჩუნება ვერ შეძლო და სწორედ მაშინ გახდა ცხადი რადიკალი მემარცხენეების ფილოსოფიისა და პოლიტიკის საშინელება.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს უკვე მიღებული ასამდე გადაწყვეტილების შესახებაც დაუსვა კითხვა. მათ შორის ბრძანებულების, რომელიც დროებით შეაჩერებს "ტიკ-ტოკის" აკრძალვის აღსრულებას. შონ ჰანიტმა იკითხა არის თუ არა "ტიკ-ტოკი" აპლიკაცია, რომელსაც ჩინეთი ამერიკის წინააღმდეგ იყენებს. შონ ჰანიტთან საუბარი იცი წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ტრამპმა მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, ასევე განმარტა საშინაო და საგარეო პოლიტიკის ხედვა.

ინტერვიუს სრული ვერსია ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა, მედიის ცნობით, შემდეგი ნაწილი, რომელიც ეთერში ხვალ გავა, უკრაინაში ომის დასრულების საკითხს დაეთმობა. უკრაინასთან დაკავშირებით, ცნობილი გახდა ტრამპის ადმინისტრაციის სავარაუდო გადაწყვეტილებაც: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში უკრაინასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს, ან სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს.

ინფორმაცია უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტმა რომან ბოჩკალამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. "ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, ეროვნული უშიშრების საკითხებში სახელმწიფო მრჩეველმა მაიკ უოლტსმა განკარგულება გასცა ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომლების შემოწმების შესახებ, მათ შორის, მათი, ვინც უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე მუშაობს.

დღის ამბები