
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ოკუპანტების თავდასხმას კიევის ოლქში 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 2. რუსეთის ძალებმა დრონებით დაარტყეს მრავალსართულიან კორპუსს. აფეთქების შედეგად, ჩამოიშალა რამდენიმე სართული და გაჩნდა ცეცხლი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
ზაპოროჟიეში კი, ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გამო, ათობით ათასი მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
რთული ვითარებაა ფრონტის ხაზზეც. საოკუპაციო ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში კიდევ ერთი სოფელი დაიკავეს. მოსკოვში, დრონების იერიშების გამო, სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. იწვის ნავთობის საცავები ბრიანსკის და რიაზანის ოლქებში.
"რუსეთი ცდილობს, გააგრძელოს აგრესია და ოკუპაცია. ისეთი ენერგორესურსები, როგორიც ნავთობია, მშვიდობისა და რეალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გასაღებს წარმოადგენს. ევროპამ უფრო მეტი უნდა იმუშაოს ენერგორესურსებზე, ამერიკასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და არა რუსეთთან. მთავარია, რომ არ შევანელოთ ტემპი და ზეწოლა განვახორციელოთ რუსეთზე, იმ ერთადერთ სუბიექტზე, რომელსაც ომი უნდა და რომელიც პასუხისმგებელია ამ ომზე", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.