
ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ხელმძღვანელობს.
შეხვედრის დაწყებამდე, ლიდერებმა ისაუბრეს იმ შეზღუდვებზე, რომლის დაწესებასაც ევროკავშირი გეგმავს. განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს.
"დღეს ვაპირებთ მოკლედ განვიხილოთ საქართველოს საკითხი. ჩვენ ახლა დიპლომატიური პასპორტები შეჩერებული გვაქვს, შევაჩერეთ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის. ასევე, გადავამისამართეთ ფინანსები, რომელიც მთავრობის მხარდასაჭერად იყო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით. ვფიქრობ, ეს მათ მისიას მხარს დაუჭერს, ეს ქართველი ხალხის ხელშია," - აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.
"განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც, მოვლენები არ ვითარდება კარგი მიმართულებით, ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია. ერთი საკითხი, რომელიც ესტონეთის შეთავაზებული არის - უვიზო რეჟიმის შეჩერების ინიციირება. არ ვამბობ, რომ უვიზო რეჟიმს ხვალ უკან წავიღებთ, თუმცა ჩვენ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, რათა პირდაპირი და მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ, რომ მთავრობა, რომელიც საქართველოს ხელმძღვანელობს ატყუებს საკუთარ ხალხს და კურსი უნდა შეცვალოს," - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნმა.