
პარლამენტში დღეს ოფიციალურად შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია. საუბარია დეპუტატთა ჯგუფზე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს.
კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აფასებენ უმრავლესობის წარმომადგენლები და მის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.
"ცდილობენ, [კომისიის შექმნა] საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობად წარმოაჩინონ. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამ საკითხს, ერთხელ და სამუდამოდ, თავისი სახელი უნდა დაერქვას, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. პოლიტიკური შეფასება აუცილებელია, რასაც, შეიძლება, შემდგომში კონკრეტული პოლიტიკური ძალების არსებობის დღის წესრიგში დადგომის საკითხი მოჰყვეს", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.
დროებითი საგამოძიებო კომისია 6 თვე იმუშავებს. ამ პერიოდის განმავლობაში, მოხდება ყველა იმ პირის დაბარება და გამოკითხვა, რომელთაც შეიძლება, რაიმე კავშირი ჰქონდეთ 2003-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებთან.
ცნობილია, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები სამხედროები არ იქნებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე მომზადებული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება პროკურატურას გადაეგზავნება.