06 თებერვალი 2025,   17:35
ვრცლად
"ზოგადად, ჯანმრთელობით და შიმშილით მანიპულაცია, თავის მხრივ, არის უხერხული აქტი, თუმცა ეს ვერ იქნება შანტაჟის ფორმა" - ვახო ჩოჩია

"ზოგადად, ჯანმრთელობით და შიმშილით მანიპულაცია, თავის მხრივ, არის უხერხული აქტი, თუმცა ეს ვერ იქნება შანტაჟის ფორმა, რომლითაც შესაძლოა დააშანტაჟო კონკრეტული სამართალდამცველი თუ მართლმსაჯულების უწყებები", - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახო ჩოჩია მზია ამაღლობელის საქმეს ეხმაურება.

მისი თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

"მმართველი გუნდის წარმომადგენლები ყოველდღიურად მოუწოდებდნენ ქალბატონ მზიას, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა. ვინაიდან, ეს პირველ რიგში საფრთხეს უქმნიდა მის ჯანმრთელობას. ზოგადად, ჯანმრთელობით და შიმშილით მანიპულაცია, თავის მხრივ, არის უხერხული აქტი, თუმცა ეს ვერ იქნება შანტაჟის ფორმა, რომლითაც შესაძლოა დააშანტაჟო კონკრეტული სამართალდამცველი თუ მართლმსაჯულების უწყებები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მყისიერი რეაგირება მოჰყვა ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის პრობლემებს. ის გადაყვანილი იქნა კლინიკაში და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ ქალბატონ მზიას არ მიადგეს ჯანმრთელობის საფრთხე", - აცხადებს ვახო ჩოჩია.

ცნობისთვის, "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა "ვივა მედიში" გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია; მას ჩაუტარდა კვლევები და ამაღლობელი დათანხმდა მკურნალობის გაგრძელებას სტაციონარის პირობებში. "ბათუმელების" დამფუძნებელი უკვე 25-ე დღეა შიმშილობს. ამაღლობელი ბათუმში, 12 იანვარს, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

 

დღის ამბები