
პარლამენტი "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ახალი ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით იწყებს. საკანონმდებლო პაკეტზე კანონმდებლები, სავარაუდოდ, ხვალინდელ სესიაზე იმსჯელებენ.
ოპოზიცია მოსახლეობის დაშინების მცდელობაზე საუბრობს, რათა დემონსტრაციები შეწყდეს.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ეს ყველაფერი წინააღმდეგობას ვერ შეაჩერებს.
"რაც არ უნდა გაზარდონ ადმინისტრაციული ჯარიმები თუ პატიმრობის ვადები, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით, ეს არ ცვლის იმას, რომ მათი განაცხადი საქართველოში ავტორიტარიზმის საბოლოო ჯამში ჩაბეტონებაა და მეორე, რომ წინააღმდეგობას ეს ყველაფერი ვერ შეაჩერებს", - აცხადებს თეონა აქუბარდია.
სიახლის მიხედვით, მკაცრდება ჯარიმები, 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადადის პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა და ძალადობა.