
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, მხარი დაუჭირა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. ბარიერგადალახული სამი პოლიტიკური სუბიექტის ("კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა", "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!") წარმომადგენლებმა უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვეს. საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ყველა განცხადების დაკმაყოფილებას, ანუ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
"კომიტეტმა იმსჯელა საკითხთან დაკავშირებით და ყველა პირთან მიმართებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა მათი განცხადების დაკმაყოფილებას, ანუ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ეს ფორმალური, პროცედურული საკითხი კომიტეტზე გადაწყდა. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, პოლიტიკური საკითხი გადაწყდება საქართველოს პარლამენტის მიერ, სესიის მიერ და ეს, რა თქმა უნდა, საჯარო და ცნობილი იქნება. კონკრეტულად როდის, ეს, ბუნებრივია, ჩვენთვის არ არის ცნობილი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გვახსოვს 2020 წლის მოვლენებიც, მაშინ რადიკალური ოპოზიცია უარს ამბობდა პარლამენტში შემოსვლაზე. "პუფებს" ეძახდნენ იმ ხალხს, ვინც დააპირებდა და გადაწყვეტდა პარლამენტში შემოსვლას. მერე ის ვინც "პუფებს" ეძახდა ამ ხალხს, იმათ დაასწრეს საქართველოს პარლამენტში შემოსვლა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.