09 თებერვალი 2025,   12:55
ვრცლად
"აღნიშნული პარლამენტის ლეგიტიმაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ აქვს ძალიან დიდი პრობლემა" - თენგიზ თევზაძე ოპოზიციური მანდატების გაუქმებაზე

49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. 19 "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელია, 16 - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" და 14 - "ძლიერი საქართველოს". საკითხს პარლამენტმა მხარი დაუჭირა - კენჭისყრამდე "ქართული ოცნების" არგუმენტები წარადგინა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობაში ითქვა, რომ პარლამენტში შესვლის საკითხი საბოტაჟის იარაღად იყოს გამოყენებული, ამიტომ ამის საშუალებას ამჯერად ოპონენტებს აღარ მისცემენ. სამი პოლიტიკური გუნდის დეპუტატებმა უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვეს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს პარტიას "გახარია - საქართველოსთვის".

"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, თენგიზ თევზაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ვერანაირი ინსტრუმენტი და ბერკეტი ზეწოლად ვერ გამოადგება, რადგან აღნიშნულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს.

"აღნიშნული პარლამენტის ლეგიტიმაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ აქვს ძალიან დიდი პრობლემა და არავინ არ აღიარებს მას. ვერანაირი ინსტრუმენტი და ბერკეტი ზეწოლად ვერ გამოადგება "ქართულ ოცნებას", თუნდაც ეს იყოს ადამიანების დაკავება", - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების ახლა შეჩერება რეპრესიების უკავშირდება.

"ამ ეტაპზე, უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება უკავშირდება ფართომასშტაბიან რეპრესიებს და სწორედ ეს პროცედურა, რომელიც მათ დღეს დაიწყეს, არის რეპრესიებისთვის საჭირო ტექნიკური ნაბიჯი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები