
უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის სხდომაზე, სადაც ოპოზიციისთვის მანდატების შეჩერების საკითხი განიხილეს, განაცხადა, რომ არ შეიძლება, ოპოზიცია მუდმივ რეჟიმში იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე.
მისი განმარტებით, მიუღებელია, ეს საკითხი მუდმივად შანტაჟისთვის გამოიყენებოდეს და მმართველი გუნდი ოპოზიციას ამის საშუალებას აღარ მისცემს.
"საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება მთავარ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ არ შეიძლება, მუდმივ რეჟიმში ოპოზიცია, პირველი - იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე, მეორე - ეს ყველაფერი არ შეიძლება, იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული. თუ ეს პრეცედენტი ჩვენ კვლავ დავუშვით, როგორც წინა შემთხვევაში გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ (და ალბათ ყველა დარწმუნებულია, რომ "ნაცი" საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს), იქნებიან ამ საბოტაჟის რეჟიმში და ყოველთვის, გარე დავალების შესაბამისად, საბოტაჟის იარაღად გამოიყენებენ ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას.
ინფორმაციულადაც ასეა და ვიცით, რომ ბევრ მათგანს ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა და წარმოიდგინეთ, როგორ არ არიან ისინი თავისუფლები თავიანთ თავთან და გადაწყვეტილებებში, რომ ამას ვერ ახერხებენ", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.