
მზია ამაღლობელს სამედიცინო კვლევების ნაწილი ჩაუტარდა - მისი ადვოკატის განცხადებით, საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ჯერ კიდევ გრძელდება.
"25-ე დღეა, შიმშილობის. რა თქმა უნდა, შესუსტებულია გარკვეულწილად, აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა, თავს მხნედ გრძნობს. აცხადებს ისევ, რომ აგრძელებს ბრძოლას იმით, რითაც შეუძლია. რაც შემიძლია შევაფასო მე ხილულად, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს.
ისევ აცხადებს, რომ შიმშილობს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ - ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. თხოვნა, რაც გადმომცა არის, რომ მისი სოლიდარობისთვის ვინც შიმშილობს, ყველამ შეწყვიტოს შიმშილობა", - აცხადებს საია-ს იურისტი, ჯუბა ქათამაძე.
დაკავებულის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მზია ამაღლობელის მდგომარეობა სტაბილურია და კვლების დასრულების შემდეგ, ის კლინიკიდან კვლავ საპატიმროში გადაყვანას ითხოვს. ჟურნალისტი 25 დღეა შიმშილობს.
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა ის კლინიკა "ვივამედში" გუშინ გადაიყვანეს.