
პარლამენტი მხარს დაუჭერს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კენჭისყრა ამ წუთებში იმართება. საუბარია დეპუტატთა ჯგუფზე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს. კომისია მომდევნო კვირიდან შეიკრიბება და 6 თვე იმუშავებს - საბოლოო დასკვნას პროკურატურას გადაუგზავნიან.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
"საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვროს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 3 თვით. აქვე, მინდა განვმარტო, რომ თუ საგამოძიებო კომისია რეგლამენტით გათვალისწინებულ 3 თვეში ვერ მოასწრებს თავის საქმიანობას, ასევე, ამავე რეგლამენტის გათვალისწინებით, მისი ვადა გაგრძელდება, მაგრამ - არაუმეტეს 6 თვისა.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება. მინიმუმ, ამ ყველაფერს ელოდება მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვანდო ამ ქვეყნის სადავეები. იმ პასუხისმგებლობიან გუნდს, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია.
დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა ექნება აღნიშნული კომისიის მუშაობას და მის შედეგებს ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი განვითარებისთვის", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.