
მმართველი გუნდი ახალ კანონებს აანონსებს და მოტივსაც განმარტავს - სახელმწიფოს ეფექტიანი მართვა. სახელისუფლებო პარტია ახალ რეგულაციებს მომდევნო ორი თვის განმავლობაში დააინიციირებს. ჩამონათვალშია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც ამერიკული "ფარას" ზუსტი ანალოგი ჩაანაცვლებს და ახალი მოქმედს გააუქმებს. ამერიკული კანონი გამონაკლისი არ იქნება, დღის წესრიგში დადგება მედიის კანონი, რომელიც "ქართული ოცნების" განცხადებით, ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მომზადდება. კიდევ ერთმა სიახლემ კი საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება უნდა შეზღუდოს.
სახელისუფლებო პარტიის ახალ ინიციატივებს ოპოზიცია კრიტიკით გამოეხმაურა. მმართველი გუნდის ოპონენტები გამჭვირვალობას მიესალმებიან, თუმცა "ფარას" ამერიკულ მოდელზე კონკრეტული საუბარი მაინც არ სურთ. მიზეზად კი ამბობენ, რომ კანონის მოტივი მათთვის უცნობია.
კანონები, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა განამტკიცოს - საპარლამენტო უმრავლესობა ახალი რეგულაციების მიზნებზე საუბრობს. მოჰყავთ მაგალითები მსოფლიო პრაქტიკიდანაც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მაშინ, როცა არაერთი ქვეყანა დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძვის, მედიის შესახებ ახალი კანონი პრობლემას დაარეგულირებს. აქცენტი კეთდება უცხოური გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ კანონზე და იმ განცხადებებზე, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კეთდებოდა.
მმართველი გუნდი კიდევ ერთ პრიორიტეტად არასრულწლოვანთა უფლებების დაცვას აცხადებს. დღის წესრიგში დადგება ანტინარკოტიკული პოლიტიკაც, შესაბამისად, კანონმდებლობა ამ მიმართულებითაც გამკაცრდება.
კანონპროექტები, რომელიც კანონად საკანონმდებლო ორგანოში უნდა იქცეს, უახლოეს პერიოდში დაინიცირდება. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ რეგულაციები საკანონმდებლო ხარვეზებს აღმოფხვრის და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, სახელმწიფო მართვის ყველა შესაბამის ბერკეტს მისცემს.
ავტორი: იზი ბურნაძე.